❤
ლამაზო ჩემო, ზღაპარო ჩემო,
თილისმავ ჩემო, ოქროსმზიანო.
კავკასიონო, კალთებ-კალმულო,
უკარებავ და სანდომიანო.
რაჭის დევებო, ზურმუხტფერებო,
წყლებო კამკამა, კალმახიანო.
უბისავ ჩემო, ფრესკაქარგულო
და მოწამეთავ, თვალცრემლიანო...
ალავერდო და ალაზნის ველო,
ალადასტურო, ძოწის თვლიანო.
სამეგრელოვ და გურიავ ჩემო
ტკბილხმიანო და ტკბილსიტყვიანო!
ო, საოცრებავ საოცართ შორის
სვანეთო ჩემო, მთააბჯრიანო.
მთა-თუშეთო და ხევსურთ სამეფოვ
არწივფრთიანო, ჭიუხიანო!
ჭირთაგან შიგან გაუტეხელო
ჰერეთო ჩემო...ფერეიდანო...
მუმლშესეულო, მუხლშემართულო,
ბერმუხავ ჩემო, ფესვმადლიანო!
გულო-დაგულო, არდადაგულო,
სამჩაბლოო ჩემო, ღვთიანო.
ჩემო ეშერავ, რიწავ, სოხუმო-
მერცხალო ჩემო, ფრთასისხლიანო...
ჯავახთა მხარევ, ტბაო ფარავნის,
ნინოს ნაფეხურ-ნაკვალიანო.
ჩემო აჭარავ, ბათუმ-ქათქათავ,
ფირუზ-ზღვაო და ფირუზ-ციანო!
ოჰ და ისევ შენ, ჩემო თბილისო,
შენ დედოფალო, თეთრჩიხტიანო...
ჩემო სამშობლოვ, უკიდეგანო,
უიღბლო?-არა! მუდამ სვიანო!